English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ რევაზ შენგელია
"საქართველოს ეკონომისტიდან“ - „ეკონომიკამდე“

ქართველ ეკონომისტებს და არა მხოლოდ მათ ეამაყებათ, რომ დედა-უნივერსიტეტთან ერთად, ჟურნალი „საქართველოს ეკონომისტი“ 100 წლისაა.

მისი პირველი ნომერი 1918 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა. ამ ხნის მნძილზე ჟურნალმა ძნელი გზა განვლო. მას ქართველ ეკონომისტ-პუბლიცისტთა არაერთი თაობა ემსახურებოდა. ჟურნალმა ქვეყნის ძნელბედობის ჟამსაც შეინარჩუნა მთავარი ფუნქცია – ხელი შეუწყოს როგორც ეკონომიკური აზრის, ასევე ქვეყნის ეკონაომიკის განვითარებას. ის ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შუაგულში.

დროთა განმავლობაში ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტმა“ არაერთგზის შეიცვალა სახელწოდება.

1925 წლის აგვისტოდან „ეკონომისტის“ სახელწოდებით გამოიცა.

1926 წ. სექტემბრიდან 1931 წლამდე - ისევ „საქართველოს ეკონომისტის“,

ხოლო 1931-1941 წწ.–„საქართველოს სოციალისტური მეურნეობის“ სახელწოდებით გამოდიოდა.

1941 წლის ივლისში, დიდი სამამულო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, დროებით შეწყდა ჟურნალის გამოცემა.

1918-1941 წწ. ჟურნალს რედაქტორობდნენ: დ. თოფურიძე (1918-1919 წწ.), ს. ჩიხლაძე (1925-1926 წწ.), ვ. ავაქოვი და ა. კვირიკაძე (1926-1931 წწ.), კ. ორაგველიძე (1931-1932 წწ.), რ. მელაძე (1933-1937 წწ.), კ. თარგამაძე (1937-1941 წწ.).

ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის“ რედაქცია პირველსავე ნომერში აუწყებს მკითხველს თავისი მომავალი მუშაობის საპროგრამო მიზანდასახულობათა შესახებ. მოწინავე წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალი შეისწავლის საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებს [1,გვ.4].

„ეკონომისტის“ რედაქცია, მისი კოლექტივი, ავტორებთან ერთად საშური რუდუნებით ასრულებდა ამ დანაპირებს, ხოლო მაშინ კი, როდესაც აუცილებელი იყო თვითკრიტიკული გამოსვლა, ობიექტურად, პრინციპულად ამხელდა საკუთარ ნაკლოვანებებს. ამ მხრივ, დღევანდელი ჟურნალის რედაქციისთვის სამაგალითოა 1935 წ. ¹9-10-ში დასტამბული მეთაური წერილი. აი, ზოგიერთი ადგილი ამ წერილიდან:ჟურნალს „ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი... კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კონკრეტული ეკონომიკის აქტუალური საკითხების გაშუქება... ჟურნალში დაბეჭდილი ორიგინალური წერილები მოისუსტებენ. არ კმარა მარტო ფაქტებისა და ციფრების კონსტატაცია, საჭიროა მათი ანალიზი, ერთგვარი განზოგადება, თეორიული დასაბუთება... ეს, რა თქმა უნდა, ნაკლია და მომავალში უნდა გამოსწორდეს. უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე რაიონში წარმოებული ეკონომიკურ-კულტურული მშენებლობის გაშუქების მნიშვნელობა. ბევრი რამ კეთდება ჩვენს რაიონებში. საჭიროა ამ მიღწევებისა და რაიონების მომავალი განვითარების პერსპექტივების გაშუქება“[2].

თითქმის 8 ათეული წლის წინანდელი ეს აღიარება თავისი ძირითადი შინაარსით. რეტროსპექტულია და საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჟურნალის ახლანდელ პრობლემებზეც, სატკივარზეც არანაკლებ სამართლიანად მიგვანიშნებს.

ამრიგად, ჟურნალმა დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გარკვეული შეცდომების, ნაკლოვანებების მიუხედავად, ბრძოლის სახელოვანი გზა განვლო საქართველოში თეორიული დებულებების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

ჟურნალის გამოცემა მოგვიანებით, 1958 წლიდან განაახლა აკად. პ.გუგუშვილმა და ის 1967 წლამდე „საქართველოს ეკონომისტის“ სახელწოდებით გამოდიოდა როგორც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის, საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოსა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანო. ამ პერიოდში ჟურნალის მთავარი რედაქტორი იყო აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. ბატონი პაატას სარედაქტორო საქმიანობა მრავალმხრივი და ფასდაუდებელია. როგორც ჯერ კიდევ ჟურნალის 80 წლის იუბილეზე პროფსორ რეზო გოგოხიას მიერ აღინიშნა: „მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ჟურნალის მებრძოლ სულს, იმას, რომ მაშინ, მერმე და დღესაც ჟურნალი ეკონომიკური ცხოვრების შუაგულში ტრიალებს., არ ერიდება მწვავე თემებს... სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე ბატონი პაატას ყოველი შენიშვნა ამა თუ იმ სტატიის მიმართ, მისი მოკლე და სხარტი რჩევა-დარიგებანი მიმართული სარედაქციო მუშაობის სრულყოფისათვის, მრავალ საფიქრალს და ფრიად სასარგებლო თავსატეხს გვიჩენდა ყველას, რომლის თუნდაც გარკვეული ნაწილის გათვალისწინებაც ახალ ნაბიჯს წარმოადგენდა ჟურნალის ეფექტიან მუშაობაში [3, გვ. 30-31].

„საქართველოს ეკონომისტის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო პოლიტეკონომიის, ფინანსების, კრედიტის, სტატისტიკის, ეკონომიკური გეოგრაფიის და სხვა პრობლემათა გაშუქება.

ჟურნალი შეისწავლიდა და აშუქებდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის, განსაკუთრებით ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის აქტუალურ საკითხებს, რასაც გარდა თეორიულისა, რასაკვირველია, უდიდესი პრაქტიული მნიშვნელობა აქვს.

ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ეკონომიკური ლიტერატურის კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის საქმის არსებითი გაუმჯობესება. სასურველია დღემდე შენარჩუნებული ეს ტრადიცია გაგრძელდეს, რეცენზიების გამოქვეყნება მომავალში უფრო უნდა გახშირდეს და ის კიდევ უფრო პრინციპულ და კრიტიკულ ხასიათს ატარებდეს.

ჟურნალი აწყობდა დისკუსიებს ეკონომიკური მეცნიერების ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს დარაიონება, სოფლის მეურნეობის დარგთა და კულტურათა შეთანაწყობა, ეკონომიკური ტერმინოლოგია და სხვა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ აკად. პაატა გუგუშვილის ხელმძღვანელობით ჟურნალმა ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის განვითარებისთვის აქტიური მუშაობით, ქართულ ენას რამდენიმე ახალი ტერმინი აჩუქა. და ის ფაქტი, რომ დღეს ჟურნალი ატარებს სახელწოდებას - „ეკონომიკა“, სწორედ ქართული ეკონომიკური ტერინოლოგიის მეცნიერულ დამუშავებაში აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ფასდაუდებელი ღვაწლისა და ამ საკითხზე ჟურნალში გამართული დისკუსიის შედეგია (არადა, იყო პერიოდი, როცა სიტყვა „ეკონომიკა“ არ იხმარებოდა. იმდროინდელი ქართული პერიოდიკა და ოფიციოზი ხმარობდა მხოლოდ სიტყვა „ეკონომიას“, განურჩევლად იმისა, საქმე ეხებოდა ეკონომიას, ე.ი. დაზოგვას, თუ ეკონომიკას. ასე, მაგ. ვხმარობდით სიტყვებს: „ეკონომიური განვითარება“, „ეკონომიური პროცესები“, „ეკონომიური პოლიტიკა“და არა „ეკონომიკურ განვითარებას“, „ეკონომიკურ პოლიტიკას“ და ა.შ. 

1967-1973 წწ. ჟურნალი გამოდიოდა „საქართველოს სახალხო მეურნეობის“ სახელწოდებით. ამ პერიოდში ის იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ყოველთვიური ორგანო.

1967 წ. აპრილიდან მისი მთავარი რედაქტორი იყო პროფ. სერგი ინწკირველი. 1969 წ. ივნისიდან 1976 წლამდე ჟურნალს რედაქტორობდა დოც. თენგიზ გოქსაძე (ამ დროს პასუხისმგებელი მდივანი იყო ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი-ბატონი ომარ შურღაია, რომელსაც უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის ჟურნალის სარედაქციო საქმიანობის სრულყოფის საქმეში).

ბატონი თენგიზ გოქსაძე იყო ყოფილი რედაქტორებიდან ერთადერთი, რომელიც 20 წლის წინ დაესწრო ჟურნალის 80 წლის იუბილეს.

ქართულ საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ყველა ყოფილი რედაქტორის,რედაქციის მუშაკის, ავტორის ამაგი და დამსახურება ეკონომიკური მეცნიერებისა და ქვეყნის წინაშე და სათანადო პატივს მიაგებდეს მათ.

1974 წლიდან ჟურნალს დაუბრუნდა სახელწოდება – „ეკონომისტი“ და გამოვიდა, როგორც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველთვიური პოლიტიკურ-ეკონომიკური ჟურნალი .

1976 წ. სექტემბრიდან 1993 წ. 11 ოქტომბრამდე ჟურნალის მთავარი რედაქტორი იყო დოც. იგორ კრავცოვი.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებულია ბატონი იგორის რედაქტორობის წლები, რომელმაც მე აკადემიკოს პაატა გუგუშვილის რეკომენდაციით მიმიღო რედაქციაში 1983 წლიდან ჯერ განყოფილების გამგის, ხოლო 1985 წლიდან გამიწია რეკომენდაცია მთ. რედაქტორის მოადგილის თანამდებობაზე.ბატონი იგორი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაეცვა და განევითარებინა ბატონი პაატას მიერ დამკვიდრებული იდეები და ტრადიციები.

სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები, პრესის სხვა ორგანოების მსგავსად, ჟურნალ „ეკონომისტსაც“ შეეხო. გახდა რა საქართველოს უზენაესი საბჭოს ორგანო, 1991 წ. იანვრიდან „ეკონომიკის“ სახელწოდებით გამოვიდა. 1992 წლის იანვრიდან დამოუკიდებელი ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი გახდა, 1993 წლის აპრილიდან კი - საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ორგანო. 1996 წლის აგვისტოდან ჟურნალი „ეკონომიკა“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო საწარმოა, ხოლო 1998 წლის მარტიდან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებიდან ამ სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ჟურნალის 100-წლოვანი ისტორიის მანძილზე შეიძლება ხაზგასმით ითქვას, რომ არ ყოფილა ქვეყნის როგორც საკანომდებლო, ისე აღმასრულებელ სტრუქტურებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მოღვაწე თითქმის ყველა ცნობილი ეკონომისტი, რომელსაც თავისი მეცნიერული ნააზრევი, კვლევის შედეგები და გამოცდილება, პირველ რიგში, სწორედ ჟურნალ „ეკონომიკის“ ფურცლებზე არ ჰქონდეს გამოქვეყნებული და სამსჯავროზე გამოტანილი. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. სწორედ ამიტომ მხოლოდ რედაქტორების დასახელებით შემოვიფარგლეთ.

1993 წლის ოქტომბრიდან ჟურნალ „ეკონომიკის“ რედაქტორობა მე დამეკისრა. რედაქციის წინაშე დაისვა მთავარი ამოცანა – როგორმე გადაგვერჩინა ჟურნალი და არამარტო შეგვენარჩუნებინა მისთვის დამახასიათებელი თითქმის 80-წლოვანი ტრადიციები, არამედ განგვევითარებინა კიდეც. საქართველოს მთავრობას ძალიან უჭირდა მაშინ, მანამდე სრულ ბიუჯეტურ დაფინანსებაზე მყოფი ჟურნალი, ამიერიდან მხოლოდ ნაწილობრივ დოტაციაზე გადავიდა, რაც წელიწადში 3-4 ნომრის გამოშვებას თუ ყოფნიდა. ჟურნალის გამოცემაზე დიდად იმოქმედა საერთოდ ყველა გამოცემისთვის დამახასიათებელმა ტირაჟის შემცირებამაც. თუ არა ყოფილი მინის ტრების, პროფესორების- ბატონი მიხეილ ჯიბუტის, ბატონ დავით იაკობიძის, ბატონ სულიკო პავლიაშვილის, აკადემიკოსების - ლადო პაპავას, ავთანდილ სილაგაძის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას და, რაც მთავარია, ავტორთა ფართო წრის და სხვათა თანადგომა, ჟურნალს გაუჭირდებოდა ასე დიდხანს არსებობა. შეიძლება ითქვას, რომ XX ს 90- იანი წლებიდან დაწყებული დღემდე, მათ შორის საქართველოსთვის ყველაზე ურთულეს პერიოდშიც კი, ჟურნალის ყველა ნომერი მაინც გამოდიოდა, გამოდის და მჯერა ისევ თითოეული თქვენთაგანის ძალისხმევით, თანადგომით მომავალშიც დიდხანს იარსებებს.

მიუხედავად ობიექტურად არსებული სიძნელეებისა, ჟურნალი დღესაც აქტიურად საქმიანობს. ღრმავდება მისი ტრადიციები, მატულობს მაღალკვალიფიციურ, დიდი გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ ავტორთა წრე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, პირადად იმდროინდელი მინისტრისპროფ. მიხეილ ჯიბუტის დავალებით, ჩემი რედაქტორობის პირველ წლეებში, ჟურნალს დაეკისრა საქართველოში შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირველი ინდიკატური გეგმის პუბლიკაცია. ეს დავალება ჟურნალმა პირნათლად შეასრულა, 16 ფორმიანი მასალა ლინოტიპის წესით ოპერატიულად გამოქვეყნდა სპეციალური ნომრის სახით [4, გვ. 250].

ტრადიციად იქცა ჟურნალის სპეციალური ნომრების გამოშვება. ამას მოწმობს 1994 წ. რედაქციაში მოწყობილი მრგვალი მაგიდა თემაზე: -„პრივატიზაციის არსი, სადღეისო პრობლემები“(1994 წ. ¹12), რომლის გაგრძელება იყო 1998 წლის დეკემბერში გამართული. დისკუსია თემაზე: „პრივატიზაციის განხორციელების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. დისკუსიის შედეგები გამოვაქვეყნეთ ჟურნალის ფურცლებზე [5] და მივაწოდეთ სათანადო ორგანოებს.

ჟურნალ „ეკონომიკამ“ 1997 წლის აპრილში სპეციალური ნომერი მიუძღვნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მიღებულ ნორმატიულ აქტებს[3]. ასევე, ჟურნალის სპეციალური ნომრები მივუძღვენით ეკონომიკურ რეფორმას მრეწველობაში [6, 7]. ჟურნალი შეძლებისდაგვარად, რეგულარულად ეხმარებოდა ეკონომისტ სტუდენტ-ახალგაზრდობას. რუბრიკით - „ეკონომისტი აუდიტორიაში“, აძლევდა პროგრამებს, სალექციო მასალებს. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოში ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლები მომრავლდა, ხოლო საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი ახალი სახელმძღვანელოების ნაკლებობას განვიცდიდით.

ჟურნალის რედაქციამ თავის ფურცლებზე ფართო გასაქანი მისცა ახალგაზრდა ეკონომისტთა ნამუშევრების პუბლიკაციას, რისთვისაც მათ უწევდა სისტემურ კონსულტაციებს, ურჩევდა თემებს, ამარაგებდა საჭირო ლიტერატურით და მასალებით, აკავშირებდა შესაბამის ეკონომიკურ უწყებებთან, საწარმოებთან და ა. შ. ასეთი ტრადიცია ჟურნალში დღესაც არის, გვაქვს რუბრიკა „ახალგაზრდა ეკონომისტის ტრიბუნა“. ამ რუბრიკის შედეგია ის, რომ სტატიის ავტორთა შორის სჭარბობს სწორედ ახალგაზრდა ეკონომისტები - მაგისტრანტები, დოქტორანტები და ა. შ. სტუდენტები. იმედის მომცემია ეკონომისტების სწორედ ეს ახალი თაობა, რომელიც დაინტერესებულია დაეუფლოს ეკონომიკურ მეცნიერებას და მოპოვებული ცოდნით ემსახუროს სამშობლოს. ახალგაზრდებისადმი ასეთი მიდგომის ტრადიციას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ.

მიუხედავად დღემდე გაწეული მრავალმხრივი საქმიანობისა, ჟურნალმა მომავალში უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს:

• ეკონომიკური პოლიტიკის, განსაკუთრებით კი მისი ძირითადი ამოცანების თეორიულად დასაბუთებას;

• როგორც რეგიონების, ასევე საქართველოს მასშტაბით დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებების განზოგადების საფუძველზე თეორიული დასკვნების გაკეთებას;

• პოსტსოციალისტურ სივრცეში მიმდინარე რადიკალური გარდაქმნების მეცნიერულ ანალიზს;

• აუცილებელია, უფრო მეტი ორიგინალური სტატია გამოქვეყნდეს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის მეცნიერული ანალიზის შესახებ და სხვა.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის გარემობა, რომ ვიმყოფებით XXI საუკუნეში, რომელიც არის ახალი ეკონომიკის საუკუნე, ცოდნის საუკუნე, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების საუკუნე. ამ საუკუნის მნიშვნელოვანმა თავისებურებებმა განათლების, მათ შორის ეკონომიკური განათლების განვითარების პრობლემა პრიორიტეტულად აქცია. ქვეყანა რომ გახდეს ინვესტირებისათვის მიმზიდველად, აუცილებელია შეიქმნას ინოვაციური, კრეატიული ატმოსფერო უწყვეტი, კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის დასანერგად.

მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების საკითხებს, საინვესტიციო მიმზიდველობაზე მოქმედ ფაქტორებს, ინოვაციური, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აქტუალურ პრობლემებს ჟურნალმა არაერთი სტატია მიუძღვნა. ასევე ბევრი იწერება ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობის, მისი სოციალური ორიენტაციის საკითხებზე, მაგრამ ძალიან ცოტა იბეჭდება უშუალოდ ბიზნესის სოციალიზაციის შესახებ.ჩვენი მიზანია ამ მიმართულების პუბლიკაციებმა ხელი შეუწყოს იმას, რომ ხალხი იყოს არა როგორც ბიზნესის მაყურებელი, არამედ მონაწილეც. ამ საკითხებს არაერთი საინტერესო პუბლიკაცია მიუძღვნა ჟურნალმა და კიდევ მომავალშიც აპირებს ამ მიმართულებითაც პუბლიკაციების გაგრძელებას.

საჭიროა აღინიშნოს, რომ საგადასახადო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს ჟურნალმა არაერთი სტატია მიუძღვნა, მაგალითად, მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელზე გადსვლას საქართველოში, მის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თუმცა, ამ მიმართულებით საჭიროა ჟურნალმა გააგრძელოს მუშაობა, რადგან მოგების გადასახადის რეფორმის გატარების შედეგად დაგროვილ გამოცდილებას შესწავლა და ანალიზი, დადებითი შედეგების განზოგადება სჭირდება. ეკონომიკური რეფორმის სოციალური მხარის გაშუქებისას ჟურნალმა ფართო პროპაგანდა უნდა გაუწიოს ნამდვილ, შემოქმედებითი ბიზნესისა და ბიზნესმენების საქმიანობასაც, წარმოაჩინოს ნამდვილი კეთილსინდისიერების თვისებებით დაჯილდოებული ბიზნესმენები, მითუმეტეს, როცა ამის მაგალითები საქართველოს შორეულ წარსულშიც გვაქვს, მაგალითად, ვ. სარაჯიშვილის და სხვათა სახით.

ჟურნალ „ეკონომიკას“ ასევე გადაწყვეტილი აქვს უახლოეს ნომრებში გამოაქვეყნოს მასალები საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ. ვფიქრობთ, ყოველივე ამას უდიდესი სახელმწიფოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა ექნება.ფაქტია, რომ საქართველოს ყველა კუთხისა თუ რეგიონზე ზრუნვის გარეშე ერთსულად ვერასოდეს შეიკვრება, ისე როგორც არ შეიკვრება, თუნდაც ერთი თითით ნაკლული ხელი მუშტად. აი, ამიტომ არის და უნდა იყოს თითოეულ კუთხეზე, რეგიონზე, მხარეზე ზრუნვა აყვანილი სახელმწიფოს რანგში არსებული ეკონომიკური და მწვავე სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ასეთია ძირითად საკითხთა სპექტრი, რომელთა შესახებ ეკონომიკური მიმართულების პრესაში, მათ შორის ჟურნალ „ეკონომიკაში“ პერიოდულად უნდა ქვეყნდებოდეს მასალები.

უნდა აღინიშნოს, რომ საიუბილეო ღონისძიების ამსახველი ნომრების გამოცემას ჟურნალის რედაქცია ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლიდა ამ მნიშვნელოვან თარიღს.90 წლის იუბილე,2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების გამო, არ აღნიშნულა. რაც შეეხება 80 წლისთავს, ის ჩატარდა ორი ათეული წლის წინ, როცა ჟურნალ „ეკონომიკის“ რედაქციას ფართო საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა (80 წლის იუბილეს 1998 წ.მიეძღვნა სპეციალური მე-9-ე ნომერი).

ეძღვნა სპეციალური მე-9-ე ნომერი). ამჟამად ჟურნალის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად შევძელით მკითხველებისათვის სპეციალური გამოშვებით მიგვეწოდებინა ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველსავე წელს (1918) 6-ვე ნომრის მთლიანი მსალა.მასში მოცემული თემატიკა აქტუალურია დღესაც და დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის გამოცდილების თვალსაზრისით, მითუმეტეს, როცა ჟურნალის პირველი ნომრების გამოცემის პერიოდი, ეპოქა და დღევანდელობა გარკვეულწილად ერთმანეთს მიესადაგება.

ამრიგად, თვალის ერთი გადავლებითაც კი ჩანს, რომ ჟურნალ „ეკონომიკის“ ფურცლებზე, დღიდან მისი დაარსებისა, გამოქვეყნებულია დიდძალი ორიგინალური მასალა, როგორც საერთო-ეკონომიკური მეცნიერების, ასევე კონკრეტულ-დარგობრივი ეკონომიკის მრავალ საჭირბოროტო პრობლემაზე.მასში გამოქვეყნებული სტატიების ძირითადი ნაწილი მაინც არსებითად ხელს უწყობს ეკონომიკური ცოდნის გავრცელებას მოსახლეობაში, ეკონომიკური აზრის განვითარებას და ის გვევლინება ქართული ეკონომიკური აზრის, საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ჭეშმარიტ მემატიანედ.

ლიტერატურა:

1. ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტი“, 1918 , ¹1.

2. ჟურნ. „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა“, 1935, ¹9-10.

3. ჟურნ. „ეკონომიკა“,1998, ¹3.

4. ჟურნ. „ეკონომიკა“,1993, ¹12.

5. ჟურნ. „ეკონომიკა“,1998, ¹11, 12.

6. ჟურნ. „ეკონომიკა“,1997, ¹3.

7. ჟურნ. „ეკონომიკა“,1999, ¹6,7